ამერიკას ხშირად უწოდებენ შესაძლებელობების მიწას. ძალიან ბევრი ადამიანისთვის „ამერიკული ოცნება“ საკუთარი ოცნებების ახდენასთან ასოცირდება. თუ არსებობს დიზაინერი, რომელმაც მოდაში შექმნა საკუთარი ამერიკული ოცნება, ეს – რალფ ლორენია. მიუხედავად იმისა, რომ ლორენი მკერვალობაში ბრწყინვალეა, მან შექმნა უფრო მეტი, ვიდრე კაბა, ან მოდური ბრენდი. ის არ არის მხოლოდ ერთი ერის, ან ათწლეულის დიზაინერი, როგორც თუნდაც მისი არანაკლებ ცნობილი თანამემამულე- კელვინ კლაინი.

ამერიკულ მოდაში ლორენი პირველი შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო, რომელმაც თავისი სახელის და პიროვნების გარშემო სამყაროს შექმნა დაიწყო. მისი ბრენდი იმ ღირებულებებზე, გემოვნებაზე, მისწრაფებებზე და გამოწვევებზე აშენდა, რომელიც თავად რალფს გააჩნდა. რალფ ლორენი გახდა საკუთარი ბიზნესის ცენტრი, როგორც გონებრივად, ასევე შემოქმედებითად და სულიერად. ის თავის პერსონაში და ბრენდში აერთიანებდა ადამიანს თანდაყოლილი დახვეწილი გემოვნებით, სტილით, ბიზნესის მართვის შესაძლებლობით, კარგი რეპუტაციით, ოჯახით და ღირებულებებით. როდესაც ვწერ, რომ რალფ ლორენმა მოდაში შექმნა ამერიკული ოცნება, ვგულისხმობ, მან შექმნა იდეალთან მიახლოებული ბრენდი, იმიჯი, როგორც მატერიალური, ასევე სულიერი მნიშვნელობით. მისი შთაგონებით გაიზარდა მოდის უმნიშვნელოვანესი თაობა, მათ შორის რალფის ბიზნეს ხედვის მემკვიდრედ ითვლება ტომ ფორდიც.

80 წლის ასაკში რალფ ლორენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პატივსაცემი დიზაინერია, რომლის ქონება 6 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მას მიღებული აქვს ყველა მნიშვნელოვანი ჯილდო, რომელიც მაღალ მოდაში არსებობს. რალფი ასევე ფლობს რამდენიმე ჯილდოს თავისი საქველმოქმედო საქმიანობიდან გამომდინარე. გასულ წელს რალფ ლორენი გახდა პირველი ამერიკელი დიზაინერი, რომელსაც ინგლისში, ბუკინგემის სასახლეში სამეფო ოჯახისგან საპატიო რაინდის წოდება მიიღო.