2021 წლის ივლისში, თითქმის ნახევრი საუკუნის შემდეგ, ბალენსიაგას პირველი კუტიურ კოლექციის ჩვენება გაიმართა. კოლექციის ლოდინში თითქმის ორი წლის გატარება მოგვიწია, თუმცა ლოდინი ნამდვილად ღირდა. ჩვენება პარიზში, გეორგ V-ის ქუჩაზე გაიმართა, სწორედ იქ, სადაც ბალენსიაგას მოდის სახლის კუტიურის ისტორია დაიწყო. ჩვენების სტილიც გავდა კრისტობალის სალონებში გამართულ ჩვენებებს, მუსიკის გარეშე, სადაც მხოლოდ ვიწრო ოთახებში მოსიარულე მოდელების ფეხის ხმა ისმოდა. კომერსანტ სტილისთვის მიცემულ ახალ ინტერვიუში დემნამ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ახლა:
“იმიტომ, რომ უკეთ გავიგოთ, რატომ ვართ მოდის მომხმარებლები. ბევრი ბრენდი აკეთებს კუტიურს, როგორც რეკლამას, იმისთვის, რომ სნიკერები ან მორიგი ჩანთა უკეთ გაყიდონ. მე ეს აბსოლუტურად არ მაინტერესებს. ჩემი მიზანი იყო მეჩვენებინა ხალხისთვის, თუ რა დაკარგა მოდამ. მოდის საწყისები ხომ სწორედ ამას უკავშირდება – სამოსის ისტორიას, იმას თუ როგორ ზის სამოსი სხეულზე. რა თქმა უნდა, ბევრი იტყვის, რომ კუტიური ახლა აღარავის სჭირდება. ვინ გადაიხდის 50 ათას ევროს ტრენჩში, როდესაც მსგავსის ყიდვა შეიძლება 50 ევროდ ან 5 ათას ევროდ. კუტიურს პრაქტიკული დატვირთვა არასდროს ჰქონია და ეს პოეტურია. კუტიური მხოლოდ თქვენთვის იქმნება, ნივთები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ WOW ფაქტორი! ამიტომ მგონია, რომ კუტიურს ახლა განსაკუთრებული მისია აკისრია და რომ მოდის მომავალი სწორედ კუტიურშია,” ამბობს დემნა.
სიახლემ იმის შესახებ, რომ დემნა ბალენსიაგასთვის კუტიურ კოლექციას შექმნიდა, ყველასთვის გამაოგნებელი იყო. ფრანგულ მოდის სახლში წლების განმავლობაში მუშაობდა ისეთი დიზაინერი, როგორიცაა ნიკოლა ჟესქიერი, თუმცა იმის შესახებ, რომ მას კუტიური გაეკეთებინა, საუბარიც კი არ იყო. თუმცა ბალენსიაგაში მოღვაწეობის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ, “ანდერგრაუნდ” დიზაინერს, მოდის “ცუდ ბავშვს” Kering აკერინებს ოტ კუტიურს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები პანდემიისგან სერიოზულად დაზარალდნენ. გასულ 2 წელში, პირველ მეტ გალაზე ნიშური ბალენსიაგას კუტიური ყურადღების ცენტრში მოექცა, ხოლო მეტ გალადან რამდენიმე დღეში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბალენსიაგა Kering-ში გუჩისა და სან ლორანის შემდეგ, 1,5 მილიარდიანი ბრუნვით, მესამე ყველაზე დიდი კომპანიაა.
“არასდროს ვინტერესდები ახალგამოსული კოლექციების გამოხმაურებით. კუტიურის გამოსვლის შემდეგ, კლიენტებთან მხოლოდ 3 დღე გავმართეთ შეხვედრები, შემდეგ კი კოლექცია მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ წავიდა, ასე რომ, პირველი სრული გამოხმაურება შესაძლოა 6 თვის შემდეგ ვიხილოთ. ამის მიუხედავად, ჩემამდე მოვიდა ამბავი იმის შესახებ, რომ რამდენიმე ყველაზე ძვირადღირებული საღამოს კაბის შეკვეთა უკვე შემოვიდა. კიდევ შევიტყვე იმის შესახებ, რომ მამაკაცებმა შეიძინეს ლუქები, რომლებიც ჩვენებაზე გოგონებს ეცვათ. მომწონს რომ ჩემს კუტიურს გენდერული ნორმებისგან დამოუკიდებლად აღიქვამენ. ვინ ვარ მე, რომ ვიღაცას ვუთხრა: შენ გოგონა ხარ და ეს უნდა გეცვას, ხოლო შენ ბიჭი ხარ, და ეს უნდა გეცვას. დღევანდელობაში გენდერული სტერეოტიპების ადგილი უბრალოდ აღარ არსებობს.”
Balenciaga Haute Couture FW21 (c) Vogue Balenciaga Haute Couture FW21 (c) Vogue Balenciaga Haute Couture FW21 (c) Vogue
კოლექციის გამოსვლის თარიღი არაერთხელ შეიცვალა. პირველი – დაანონსებიდან მალევე მსოფლიო პანდემიამ შეცვალა და ფიზიკური ჩვენებები ციფრულით ჩანაცვლდა, თუმცა დემნას არ სურდა ასეთი მნიშვნელოვანი კოლექციის გამოცდილება ადამიანებს უბრალოდ სმარტფონებისა და ლეპტოპების ეკრანებიდან მიეღოთ.
“კოლექცია ერთი წლის შრომის შედეგია და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მისი ფიზიკურად წარმოდგენა გეორგ V-ის ქუჩაზე, იქ, სადაც დასაბამი ჩაეყარა ბალენსიაგას კუტიურს და სადაც ჩვენი სახლია. არასდროს ვიტყოდი უარს ფიზიკურ ჩვენებებზე, რომ არა პანდემია. რაც არ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში, ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა და იმის კეთება, რაც გვიყვარს. როგორც კი ამის საშუალება გვექნება, ყველა კოლექციას ფიზიკურ რეჟიმში წარმოვადგენთ.
დემნას ვეტმანისა და Triple S-ის წარმატების შემდეგ პროტესტი გაუჩნდა, რადგან ის აღიქვეს დიზაინერად, რომელიც მხოლოდ ჰუდებსა და სნიკერებს აკეთებს. 2013-14 წლებში, როდესაც ქუჩის სტილი და “ანდერგრაუნდ” მოდა ზენიტში იყო, დემნამ შეძლო არარეალური და სწორედ ჰუდები და უშნო სნიკერები ახალ კუტიურად აქცია, თუმცა ფაქტია, მას ბევრად მეტი აქვს სათქმელი. ამისთვის ის კუტიურის საწყისებთან დაბრუნდა. კოლექციის პირველივე ლუქის დანახვისას შეიძლება ითქვას, რომ ეს კრისტობალის და დემნას ნამდვილი სინთეზია.
“როგორც კი მოვედი ბალენსიაგაში, 2015 წელს, მაშინვე არქივებში მივედი. მე უნდა შემესწავლა სახლის წარსული, რათა მივხვედრილიყავი, თუ საით უნდა წამეყვანა ის. კრისტობალის კოპირება არასდროს მიცდია, ამაში აზრს ვერ ვხედავ ის მეოცე საუკუნის შუაგულს ცხოვრობდა, მე კი ახლა და აქ ვარ. ამასთან არც მინდა მოვიჩვენო თავი, რომ ჩვენ ერთ საფეხურზე ვართ. მე ვარ ის, ვინც ვარ და ვქმნი სახლისთვის, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. ამ ისტორიაზე თვალის დახუჭვა იგივე იქნებოდა, რაც მანქანის მართვა უკანა ხედვის სარკეში ყურების გარეშე. არქივები დამეხმარა იმის გაგებაში, თუ ვინ იყო კრისტობალი, როგორ უყურებდა ის მსოფლიოს. ის ნამდვილი კუტურიე, არქიტექტორი იყო, მას ესმოდა ადამიანის ანატომია ისე, როგორც არავის სხვას. მახსოვს, ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი ანტვერპენში, როდესაც ვუყურებდი დოკუმენტურ ფილმებსა და ვკითხულობდი მის შესახებ. ახლა, როდესაც იმ პერიოდს ვიხსენებ, ვხვდები, რომ ჯერ კიდევ მაშინ მსურდა ბალენსიაგაში მუშაობა.”
Balenciaga Haute Couture FW21 (c) Vogue Balenciaga Haute Couture FW21 (c) Vogue Balenciaga Haute Couture FW21 (c) Vogue
ესპანურ, განსაკუთრებით ბასკურ, და ქართულ კულტურებს შორის მსგავსებაზე უკვე დიდი ხანია ნათქვამია, თუმცა კრისტობალ ბალენსიაგასა და დემნა გვასალიას შემთხვევაში ეს მსგავსება ერთგვარ კავშირად იქცა.
“როდესაც კოლექციებზე ვმუშაობ, თითქმის არასდროს ვფიქრობ ბალენსიაგას ფერებზე, ხოლო როდესაც მუშაობის დამთავრების შემდეგ არქივებში ვხვდები, ვოცდები, თუ რამდენად მსგავსი პალიტრით ვმუშაობთ. მე მიყვარს მყვირალა ფერები, წითელი, ფუქსია, ლურჯი, ზურმუხტისფერი. თუმცა ჩემი საყვარელი ფერი, ისევე, როგორც კრისტობალის, არის შავი. მე საქართველოში გავიზარდე, ბებიები ყოველთვის შავ ფერს იცვამდნენ. ერთ-ერთი ბებია მთელი ცხოვრება გლოვობდა ქმარს, ბაბუა ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა, 30-ისაც არ ყოფილა. მეორე ბებიაც, ის ახლა 83 წლისაა და ნამდვილი მოდის დივაა, სულ შავშია გამოწყობილი, რადგან მისთვის ეს ყველაზე ელეგანტური ფერია. ასეთი აღქმა გვაქვს საქართველოში, იქ ყველას შავი აცვია. სიმართლე გითხრათ, რაც უფრო მეტს ვიგებ კრისტობალის შესახებ, მით უფრო ვხვდები, თუ რამდენად ვგავართ ერთმანეთს. ბასკებისა და ქართველების კულტურა ბევრ რამეში არის მსგავსი – ლინგვისტიკა, რეცეპტები, შავი ფერი – ეს მათი მსოფლმხედველობის ნაწილიცაა. ერთი სიტყვით, ძალიან მიხარია, რომ სწორედ აქ აღმოვჩნდი. ალბათ, ვერსაჩეში რომ მემუშავა, თავს ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი.”
დემნამ ინტერვიუში სექსუალურობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმეტეს შემთხვევაში სექსუალურობა ვულგარულობაში გადადის და უფასურდება. მისი თქმით, ნამდვილი სექსუალურობა გონებრივ შესაძლებლობებშია და ამას ვერც ერთი მოკლე ქვედაბოლო ვერ ჩაანაცვლებს. შესაძლოა ითქვას, რომ დემნას pret-a-porter-იცა და კუტიურიც ახალი ინტელექტუალური მოდაა, გენდერული ნორმებისგან განცალკევებული. დემნამ ასევე აღნიშნა, რომ მომავალში ბევრ სიახლეს უნდა ველოდოთ. მომავლის “წინასწარმეტყველება” დემნას ჯერ კიდევ 2020 წლის 1 მარტს გამართულ ჩვენებაზე გამოუვიდა, როდესაც მან მოდელები პოდიუმზე აპოკალიფსურ სამყაროში გაატარა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამას სულაც არ ცდილობს.
“კუტიურმა თავისუფლება მაჩუქა. აზროვნების, ექსპერიმენტების თავისუფლება და საშუალება იმისთვის, რომ ჩემი pret-a-porter-ით წინ წავიდე. ადრე მეგონა, რომ მემკვიდრეობით სახლში მუშაობა მზღუდავდა და სულ ვეუბნებოდი საკუთარ თავს, “არა, ასე ღრმად ვერ შეხვალ”. ახლა ჩემს შესაძლებლობებს საზღვარი აღარ აქვს. რა იქნება მომავალში? ამ ეტაპზე ვმუშაობ ბიზნეს სამოსსა და სახლის ნივთებზე. იშვიათად თუ ვიპოვი ვაზებს, ხალიჩებს, გადასაფარებლებსა თუ ბალიშებს, რომლების დანახვაც მართლა მახარებს. ამ ხაზს მომავალი წლის დასაწყისში იხილავთ. ბალენსიაგა ნიშურია, თუმცა მას აქვს პოტენციალი გახდეს მეგაბრენდი, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩვენ გვინდა. ყველას თავისი ისტორია აქვს. არ ვცდილობ მომავალში “ჩავიხედო”. დღიდან დღემდე ვცხოვრობ და ალბათ ეს საუკეთესო ვარიანტია.”