ლონდონის მოდის კვირეულზე დატვირთული დღეა. სიმონ როშა, ჯონათან ანდერსონი, ერდემი და ბარბერი ახალი კოლექციების ჩვენებებს მართავენ. ჩვენ ახლა ბრიტანეთის მთავარ მოდურ მოვლენაზე უნდა ვწერდეთ, მაგრამ დღეს დილით WWD -მ გაავრცელა სიახლე, რომელთან შედარებითაც 16 სექტემბრის ყველა სხვა მოდური ამბავი ნაკლებად საინტერესოა.

დემნა გვასალიამ დატოვა ვეტმანი, ბრენდი, რომელიც 2014 წელს თავის ძმასთან ერთად შექმნა. წესით უკვე შეჩვეულები უნდა ვიყოთ, რომ გვასალიამ ეფექტური გამოჩენა იცის და როცა გვგონია, რომ პროგნოზირებადი გახდა, მაშინ დგამს ნაბიჯს, რომელსაც არავინ ელის, მაგრამ ამის გათვალისწინებითაც კი, „დემნა გვასალია ტოვებს ვეტმანს“ არ არის სიახლე, რომელსაც დასაშვებად აღვიქვამდი. ბოლო წლების განმავლობაში ბევრ ვარიანტზე მიფიქრია, როგორ შეიძლებოდა დასრულებულიყო დემნას 2 ბრენდში მოღვაწეობა, რადგან ეს გარდაუვალი იყო, მაგრამ ახლა ცოტა იმედგაცრუებასაც ვგრძნობ, რადგან ვერ გამოვიცანი.

დავიწყოთ თავიდან, ბალენსიაგას მფლობელების ამბიციების ზრდა და გვასალიების მიერ პარიზიდან გადასვლით ვეტმანის „ხელოვნურ კომაში ჩაგდება“ წინაპირობა იყო იმის, რაც დღეს დილით პრესაში ამოვიკითხეთ. თანამედროვე მოდის ინდუსტრია დიზაინერისგან მხოლოდ ტანსაცმლის შეკერვას აღარ ითხოვს. 90-იანებში მათ კუტიურიებს უწოდებდნენ, 2000-იანებში დიზაინერები გახდნენ, 2010-იანებიდან – შემოქმედებითი ხელმძღვანელები, ახლა ბიზნესმენებიც არიან. გვასალია ამ თაობის ნაწილია, ვარსკვლავი, ბიზნესმენი, მარკეტოლოგი დიზაინერების თაობის. მისი დონის შემოქმედებითი ხელმძღვანელისთვის 1 და 2 წარმატებული ჩვენება არასდროს არის საკმარისი. მოთხოვნა წარმატებასთან ერთად იზრდება: ყოველ 2 კვირაში ახალი პროდუქტი, 2 თვეში ახალი კოლექცია, 6 თვეში ახალი ჩვენება. ის პასუხისმგებელია ბრენდის იმიჯზე, მაღაზიებზე, სოციალურ ქსელებზე – დაუმატეთ ამას საჯარო გამოჩენები, ინტერვიუები, გამოფენები და აღარ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რატომ ველოდი, რომ დემნას 2 ბრენდში მოღვაწეობის დასრულება გარდაუვალი იყო. შეუძლებელია ორი წარმატებული მოდის სახლი ერთ დონეზე და დიდხანს აკეთო, რა თქმა უნდა, თუ კარლ ლაგერფელდი არ ხარ, მაგრამ კარლ ლაგერფელდი იმიტომ იყო კარლ ლაგერფელდი, რომ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვერავინ გაუძლო იმას, რასაც მან.

დემნა გვასალია

ვეტმანის შვეიცარიაში გადატანით, დემნამ დროებით ამოისუნთქა. ციურიხი და ახალი შექმნილი ოჯახი დაეხმარა ძალიან წარმატებული და ამავდროულად სტრესული 2015-2017 წლებისგან განთავისუფლებაში, თუმცა არ შეცვლილა რეალობა, რომელიც 2 ბრენდში მუშაობის სირთულეებთან არის დაკავშირებული. პირველი 1 წელი კვირაში 3 დღე ცხოვრობდა ციურიხში, მომდევნო 4 დღე პარიზში. სამსახურისთვის ერთი ქვეყნიდან მეორეში ფრენა ძალიან დამღლელი აღმოჩნდა და მალევე გააკეთა განცხადება, რომ ბალენსიაგას სტუდია შვეიცარიაში გადააქვს.

პარალელურად ვრცელდებოდა ბოროტი ხმები, რომ ვეტმანი გუნდის ორიგინალმა წევრებმა დატოვეს, რადგან დემნა ვეტმანისთვის ვეღარ იცლის და „ყველა საუკეთესო იდეა ბალენსიაგაში მიაქვს.“ მიუხედავად იმისა, რომ დემნამ ჭორები კატეგორიულად და საკმაოდ უხეშად უარყო, სიახლემ საზოგადოებაში გააღწია და საუბარი დაიწყო. ჰაისნობიეთის სტატია როგორი გაზვიადებული და უსამართლოც არ უნდა ყოფილიყო, დღევანდელი გადმოსახედიდან ცხადია, რომ სიმართლის მარცვლების ნაკლებობას არ განიცდიდა.

გადის რამდენიმე თვე და ვიგებთ, რომ გვასალია ბალენსიაგაში სეზონურ კოლექციებს აუქმებს და ყველაფერს 2 დიდ ჩვენებაში აერთიანებს. მიზეზად დატვირთული გრაფიკი და თავისი მენტალური ჯანმრთელობა დაასახელა. დემნას გაღიზიანებული და შეშფოთებული ტონი ადვილად შესამჩნევი იყო ინტერვიუში, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით მისცა. „შემოქმედებითი ადამიანები გადაიწვნენ და მე ერთადერთი ვარ, ვინც ამაზე ხმამაღლა საუბრობს.“ ამ სიტყვებიდან 1 წლის თავზე, დემნა გვასალია ტოვებს ვეტმანს.

დემნა და გურამ გვასალიები


გასული 2 წლის მოვლენები ლოგიკური ფინალისკენ მიდიოდა, დემნა უნდა იყოს ვეტმანში, ან ბალენსიაგაში, მაგრამ ძალიან მოულოდნელია მისი ვეტმანიდან ამ ფორმით წასვლა. ბრენდის შექმნის დღიდან ძმები მის განვითარებაში მეტნაკლებად თანაბარ როლს ასრულებდნენ. გურამი არ იყო მხოლოდ ბიზნეს ლიდერი, რომელიც თავის კაბინეტში კალკულატორით იჯდა, არც დემნა ყოფილა მხოლოდ ტანსაცმლის მკერავი, მაგრამ ყოველთვის შეიმჩნეოდა დამოკიდებულება, რომ ვეტმანი დემნას ცხოვრების პროექტი იყო და გურამი ეხმარებოდა ოცნებების ახდენაში. ასეთ შეხედულებას ამყარებდა გურამის ინტერვიუები. გავიხსენოთ ბრიტანული ვოგის 2016 წლის ფესტივალი, სადაც გურამმა მოდის საერთაშორისო კრიტიკოსს უთხრა:

„მოდაში სამუდამოდ არ ვარ. ჩემს სამომავლო გეგმებზე ჯერ უფრო კონკრეტულად საუბარი ადრეა, მაგრამ შემიძლია ზოგადად გითხრათ, რომ სხვა რაღაცით ვარ დაინტერესებული. 10 წელში თავს სასტუმროების ბიზნესში ვხედავ, ახლა დემნას ვეხმარები.“

3 წელი უკვე გავიდა, თუმცა გურამი რჩება ვეტმანში და დემნა მიდის. არ მინდა ვიფიქრო, რომ ძმებს შორის ინტერესთა კონფლიქტს აქვს ადგილი, თუმცა შეუძლებელია ეს აზრიც არ დაგვებადოს. რთული სათქმელია, როგორ წარმოუდგენია გურამ გვასალიას ვეტმანი თავისი ძმის გარეშე, როცა თავადაც კარგად იაზრებს, რომ ბრენდს სჭირდება 2 თავი: ბიზნეს და შემოქმედებითი, ხოლო ის, ვინც ფიქრობს, რომ ორივე აქვს, როგორც წესი მარცხისთვისაა განწირული. გურამმა ეს ძალიან კარგად იცის, თუმცა მაინც აგრძელებს ბრენდს შემოქმედებითი თავის გარეშე და მეტიც, ახლა ცდილობს გვითხრას, რომ ვეტმანი კოლექტიურ შემოქმედებაზე მდგომი ბრენდია. რა თქმა უნდა, გუნდმა, თავისუფალი სულის და განსხვავებული ხედვის ადამიანების ერთობამ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მაგრამ ვეტმანი დემნას ისტორიაა. ყველა ბრენდს სჭირდება შემოქმედებითი ლიდერის ძლიერი ხედვა, რომლის გარშემო სხვა ადამიანები ერთიანდებიან. ბრენდს არ მართავს კოლექტივი, არამედ ლიდერი. დღის ბოლოს, ვიღაცამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. და, როდესაც მოდის სახლს ლიდერი ტოვებს, მას შემცვლელი სჭირდება.