დავით კომახიძის ბრენდის, David Koma – ს ისტორია 2009 წელს იწყება, როდესაც ქართველმა დიზაინერმა პრესტიჟული სასწავლებელი, Central Saint Martins წარმატებით დაასრულა და ბრიტანული მოდის ახალ სახეებში საპატიო ადგილი დაიკავა. 10 წლის წინ, როდესაც დავითი მაღალი მოდის ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამდა, საქართველო მოდის საერთაშორისო რუკაზე არ არსებობდა. სირთულეების მიუხედავად, კომახიძემ მიიღო ბრიტანული მოდის საბჭოს მხარდაჭერა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, აღიარებული, ნიჭიერი ქალების სიყვარული. და ეს ძალიან პატარა ასაკში შეძლო. დავითი მხოლოდ 25 წლის იყო, როდესაც მის სამოსს ჯეი ლო, ბიონსე და ლედი გაგა ატარებდნენ.

თანდაყოლილ ნიჭთან ერთად, კომახიძის წარმატების საიდუმლო ადრეული ასაკიდან ჩამოყალიბებაში და პერფექციონიზმშია. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე რთული საკუთარი თავის პოვნაა. დიზაინერები წლები ეძებენ ესთეტიკას, რომელიც მათთვის ავთენტურია. დავითმა თავისი გაცნობიერებული ასაკიდან იცოდა, რომ ეს საქმე უნდა ეკეთებინა და იცოდა როგორ უნდა ეკეთებინა. კომახიძეს  13 წლიდან ჰქონდა წარმოდგენილი როგორი იქნებოდა „David Koma – ს გოგო“. მოდის უკიდეგანო პერფექციონისტის, აზადინ ალაიას გავლენით, ქართველი დიზაინერის სამოსს ყოველთვის ეტყობა სრულყოფილების ისეთი დონე, რომელსაც არცერთ სხვა ქართველ დიზაინერთან არ ვხვდებით.

შემთხვევითობა არ არის, რომ ბიონსე იყო პირველი დიდი ვარსკვლავი, რომელმაც „კომა-მანიას“ საფუძველი ჩაუყარა. ბიონსე ცნობილია, როგორც მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე პერფექციონისტი ქალი შემსრულებელი. სახალისო ფაქტია, რომ დავით კომახიძე და ბიონსე ერთ დღეს, 4 სექტემბერს დაიბადნენ.


David Koma – ს სეზონი არ აქვს, არც წელი, არც გარემოება. დღის ბოლოს, ყველა ქალს სურს ჰქონდეს გარდერობში კაბა, რომელიც არასდროს შეარცხვენს. კაბა, რომლის შემქმნელმა ზუსტად იცის რა უნდა ჩააცვას ქალებს.