დიზაინერებიკვირეულებისაქართველო

გამორჩეული პროდუქტის ნაკლებობა ქართველი დიზაინერების პოდიუმზე

Vetements S/S 2016

2018 წლის სექტემბერში პარიზიდან ლედი გაგას ახალი პაპარაცული ფოტოები გავრცელდა. ფოტოები ვირუსულად მოედო ყველა მოდურ გამოცემას. სეზონის ყველაზე ამაღელვებელ და სკანდალურ დებიუტამდე 2 კვირით ადრე, მომღერალს სელინისთვის ედი სლიმანის პირველი პროდუქტი, “Le 16 Bag” ექსკლუზიურად ეჭირა. რამდენიმე დღეში ანჯელინა ჯოლი პაპარაცებმა ამერიკაში დააფიქსირეს. ანჯელინაც სელინის Le 16 -ით გამოჩნდა. ანჯელინას პაპარაცული სურათებიდან რამდენიმე საათში სამხრეთ კორეული ჯგუფის, Blackpink-ის წევრმა, ლიზამ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. კამერის წინ ლიზაც Le 16 -ით პოზირებდა. მალევე სელინის ოფიციალურ გვერდზე ჩანთასთან დაკავშირებით განცხადება გავრცელდა. ბრენდი პროდუქტის დასახელებას, ფასს და გაყიდვაში გამოსვლას აანონსებდა. განაცხადში ასევე ვკითხულობდით, რომ ჩანთა წარმოადგენდა ედი სლიმანის ხედვას სელინში. 28 სექტემბრამდე (სელინის ჩვენების თარიღი) ყველა მოდურ საიტზე, ბლოგზე, გვერდზე სელინის ჩანთას განიხილავდნენ. ვკითხულობდი ერთი ჩვეულებრივი შავი ჩანთის გარშემო ატეხილ გამოხმაურებას და მეღიმებოდა, რადგან ეს ზუსტად ისეთი სვლა იყო, როგორსაც ედი სლიმანისგან ველი. ამ კაცმა ეფექტური გამოჩენა იცის და ესმის როგორ მუშაობს მოდის ბიზნესი.

2015 წელს ვეტმანის ჩვენება DHL -ის მაისურით გაიხსნა.  გადაზიდვების სამსახურის ლოგოთი გახსნილი მოდური ჩვენება დამსწრე საზოგადოებისთვის და ინტერნეტის კულტურისთვის სიგნალი აღმოჩნდა. DHL -ის მაისურიდან დაიწყო დემნა გვასალიას საერთაშორისო ჰაიპი. ერთმა უბრალო მაისურმა, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 250 ცალი გამოვიდა, საერთაშორისო მღელვარება გამოიწვია. დემნამ კარგად იცოდა, რომ პოდიუმზე გოშა რუბჩინსკის გამოყვანა ხმაურს გამოიწვევდა, ამიტომ ზუსტად მას მოარგო კოლექციის ყველაზე ირონიული პროდუქტი. 2016 წელს ბალენსიაგასთვის ქალის ხაზის სადებიუტო შოუს ფინალურ სეგმენტიც ირონიული განაცხადით დახურა-ბაზრის ჩანთები ჩვენებაზე. 2017 წელს ბალენსიაგაში მამაკაცის პირველ ჩვენებაზე იკეას იაფასიანი ჩანთის ძვირადღირებული ანალოგი წარუდგინა მსოფლიოს. რამდენიმე თვეში კი გასული დეკადის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოდური პროდუქტი-Triple S გამოუშვა და მანამ ატრიალა სოციალური ქსელიდან პოდიუმის ჩათვლით, სანამ ყველას გონებაში კარგად არ ჩაიბეჭდა.

უფრო შორეულ წარსულში გადავინაცვლოთ,1995 წელს გაკოტრებულ გუჩიში ტომ ფორდმა ახალი კოლექცია წარადგინა. ტრადიციული კუტიურ შოუსგან განსხვავებით, სადაც ყველა კაბას დამოუკიდებელი ისტორია აქვს, ფორდის პოდიუმზე ერთი მესიჯი მეორდებოდა, სანამ ყველა რედაქტორის თავში არ ჩაიბეჭდა. გუჩი 1995 იყო ერთ-ერთი პირველი მოდური შოუ, რომელშიც ჩანთას დიდი როლი დაეთმო. 90-იანების მოდისთვის დამახასიათებელი არტისტულობის და მრავალფეროვნების ფონზე, ფორდის გადაწყვეტილება სარისკო იყო, თუმცა მან გაკოტრებული გუჩი რამდენიმე მილიარდიან ბიზნესად აქცია.

მიუხედავად იმისა, რომ ისტორია ასეთი მაგალითების ნაკლებობას არ განიცდის, ქართველი დიზაინერების კოლექციებში ყველაზე ნაკლები ყურადღება ისეთ პროდუქტს ეთმობა, რომელიც:

1. ბრენდში დიზაინერის ხედვას წარმოადგენს.
2. გამოირჩევა კოლექციაში წარმოდგენილი სხვა პროდუქტებისგან.
3. არის სწორ დროს სწორ წარმდგენზე მორგებული.

თუ საერთაშორისო დიზაინერების მაგალითებით გავლებული პარალელები ზედმეტად არარეალურად გეჩვენებათ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა გახსენდებათ გიორგი ქებურიას სახელის ხსენებაზე: კოლექციები, თუ სათვალე? გაიხსენეთ, პირველად როდის გაიგეთ ბესარიონის სახელი, როცა რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსულ პოდიუმზე ქართული ჰანგებს აჟღერებდა, თუ მაშინ, როცა შავ მაისურს თეთრად „სიყვარული“ დააწერა და მეორე დღეს ყველა ქართველმა ვარსკვლავმა ამ მაისურით გაიღვიძა. 2019 წელია და გარკვეული წრეებისთვის ეს უბრალო შავი მაისური თეთრი წარწერით კვლავ არის მოდური განაცხადი.

Instagram/@BEssARION

მხოლოდ ერთი კვირა გავიდა თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დასრულებიდან და მიჭირს გავიხსენო 1 პროდუქტი, რომელიც დამამახსოვრდა. ჩემს გონებაში სილუეტები და აქა-იქ ემოციები შემორჩა, მაგრამ არა-პროდუქტი, რომელიც მეუბნება, რომ მომავალი სეზონის ჰიტია, ან დიზაინერის ფინანსური სტაბილურობის გარანტი. ასეთ ჩანთას, ფეხსაცმელს, კაბას, თუ სათვალეს ყოველ 6 თვეში ვერ შექმნი, როგორც რიანა ვერ გამოუშვებს ახალ „Diamonds”-ს ყოველ წელს, მაგრამ მაწუხებს ფაქტი, რომ ქართულ პოდიუმზე მცდელობაც ვერ დავინახე.

თქვენ გინდათ მოდა აქციოთ წარმატებულ ბიზნესად და მოდური ბრენდებისთვის #1 შემოსავლის წყაროს, აქსესუარებს, უფრო კონკრეტულად ჩანთებს არ აქცევთ საკმარის ყურადღებას. მაშინ როდესაც გიგანტი ბრენდების შემოსავლის ნახევარი ჩანთებზე დგას, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის პოდიუმზე დიზაინერების 70% ჩანთას არც წარადგენს. თქვენ გინდათ მოერგოთ თანამედროვე მოდას, როცა მთლიან ლუქებზე ხართ ორიენტირებული და არ/ვერ იაზრებთ, რომ თანამედროვე მოდაში თავიდან ფეხამდე 1 ბრენდის ტარება საკუთარი პიროვნული სტილის და „მე“-ს დაკარგვის ტოლფასია. მნიშვნელოვანია ლუქის დაშლის შემდეგ, პროდუქტი მაინც ჰგავდეს დიზაინერის შექმნილს და იყოს სასურველი. საჭიროა კოლექციაში იყოს პროდუქტი, რომელიც გამოირჩევა კოლექციის სხვა დეტალებისგან. ადგილობრივი დიზაინერების უმრავლესობა ფინანსურად არ არის საკმარისად ძლიერ მდგომარეობაში,რომ ყველა ლუქს თან ჩანთა და ძვირადღირებული აქსესუარი ახლდეს. მესმის, მაგრამ ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება, სანამ პროდუქტისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ მოდის შემოქმედებით მხარეზე, ყველაფერი ბოლოს გაყიდვებთან მიდის. ეს არის ინდუსტრია, სადაც ალექსანდრ მაკქუინისნაირი შემოქმედებითი გენიოსი ჟივანშიდან გააგდეს, რადგან არ იყიდებოდა. და ეს არის ინდუსტრია, სადაც ედი სლიმანი, დიზაინერი, რომელიც 25 წელია ერთ წვრილ შარვალს კერავს, ყველაზე მაღალანაზღაურებად შემოქმედებით ხელმძღვანელებში შედის, რადგან მისი პროდუქტი იყიდება.მექმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი დიზაინერების უმრავლესობა მოდის ისტორიის გაკვეთილებიდან ტრენდებს სწავლობს და არა ამ ბიზნესის თავისებურებებს.

ახლა გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რადგან ვეტმანის გიჟურმა პოპულარობამ იკლო.  მოსალოდნელია, რომ ვეტმანის უკუსვლა აისახება თბილისის მიმართ ინტერესზეც, ამიტომ რაც შეიძლება მეტი ისეთი პროდუქტი გვჭირდება, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებულ მღელვარებას და ინტერესს შეინარჩუნებს. ამ სეზონზე სტუმრების უმრავლესობა კვლავ რუსულად საუბრობდა და ეს ნიშნავს რაღაცას.. 2 წლის წინ Vogue.com თბილისიდან ონლაინ რეჟიმში პოსტავდა ახალ კოლექციებს, ახლა ცოტა აგვიანებენ და ეს ნიშნავს რაღაცას..

Tags : featured