
სამოციანი და სამოცდაათიანი წლები განთავისუფლების ეპოქაა. საზღვრების მოშლის, ბარიერების დანგრევის დრო. ომ გამოვლილი პოსტ ტრამვული საზოგადოების გამოფხიზლების პერიოდი. მათი შვილების ამბოხი თავისუფლებისთვის, მშვიდობის და სიყვარულის წყურვილი, უკეთესი რეალობის შექმნისკენ ლტოლვა მაშინ ყველაფერს თითქოს შესაძლებელს ხდიდა. მოდაც აღარ ყოფილა ისეთი, როგორიც მანამდე იყო და ის აღარც შემდეგ ყოფილა ისეთი, როგორიც ამ მაგიურ პერიოდში. ანტონიო ლოპესი ამ იმედით აღსავსე, რევოლუციური, ჯადოსნური სამყაროს ეპიცენტრში იყო.

1943 წელს პუერტო რიკოში, მკერავი დედის და მანეკენების სკულპტორი მამის ოჯახში დაბადებული ანტონიო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ვიზუალით და ჩაცმის სტილით. მომავალი პროფესიისადმი ინტერესს ადრეული ასაკიდანვე ავლენდა, როდესაც დედამისისთვის ესკიზებს ქმნიდა. თავისი ინტერესის ძირითად საქმიანობად ქცევისკენ პირველი ნაბიჯი კი მაშინ გადადგა, როდესაც ნიუ-იორკის მოდის ტრაფაგენის სკოლაში დაიწყო სწავლა, შემდეგ ხელოვნების და დიზაინის საშუალო სკოლაში და ბოლოს FIT-ში გააგრძელა განათლების მიღება – ეს ასევე ის ადგილია, სადაც თავისი ცხოვრების შემოქმედებითი პარტნიორი ხუან რამოსი გაიცნო, რომელთანაც რამდენიმე წელი რომანტიკული ურთიერთობაც ჰქონდა.
ანტონიო შვიდი წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და ეს სწორედ ის ქალაქია, სადაც თავისი ბრწყინვალე კარიერა დაიწყო, ბრწყინვალე დროს.
პირველი სამუშაო ილუსტრატორმა Women’s Wear Daily-ში მიიღო, თუმცა სამსახურიდან გაუშვეს, როდესაც სხვა გამოცემასთანაც დაიწყო თანამშრომლობა – The New York Times-თან. მაგრამ ამ ფაქტს მისი კარიერის განვითარებისთვის ხელი არ შეუძლია, რადგან ლოპესს უკვე თავისი სახელი დაემკვიდრებინა და მისი ილუსტრაციების გამოქვეყნება სხვა მნიშვნელოვანმა ჟურნალებმაც დაიწყეს.


ანტონიოს შემოქმედება არავისას არ ჰგავდა. მისი ილუსტრაციები თამამი და ინოვაციური იყო. ის თემები, რომლებიც მოდაში ახლა ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად განიხილება – მრავალფეროვნება, ინკლუზიურობა, კულტურათა თავისებურებები – ლოპესის ათწლეულების წინ შესრულებულ ნამუშევრებში წინა პლანზეა წამოწეული. სხვებისგან განსხვავებით ის შთაგონებას რეალობაში პოულობდა, მაგალითად, ქუჩაში, რაც ასევე ასეთი ნაცნობია დღევანდელობისთვის. საბოლოოდ, მისი ილუსტრაციები ყოველთვის მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ლამაზი კაბა.

„როდესაც ამ სფეროში მოღვაწეობა დავიწყე, მოდის ილუსტრაცია მკვდარი ხელოვნება იყო, მოსაწყენი, უსიცოცხლო, ძალიან WASP-ური. მე გადავუსხი მას ახალი სისხლი.“
ანტონიო ლოპესი
თუმცა ანტონიოს შემოქმედებას მხოლოდ მას ვერ მივაწერთ. შესაძლოა ლოპესის ნამუშევრების ბოლოს ხელწერად „ანტონიო“ იკითხება, თუმცა ის ორ კაცს მოიაზრებს – თავად მას და რამოსს. გენიალური ილუსტრაციები ორი შემოქმედებითი გონების შეწყმის შედეგია. ერთ დროს სასიყვარულო პარტნიორი ხუანი სიცოცხლის ბოლომდე უზიარებდა თავის მეგობარ და ბიზნეს პარტნიორ ანტონიოს საკუთარ იდეებს და შემოქმედებით პროცესშიც აქტიურად ერთვებოდა.

ლოპესი შეპყრობილი იყო მოდელებით. „ანტონიოს გოგონები“ ყველაფერი იყვნენ, გარდა კლასიკური, ზოგადი გაგებით აღქმული ლამაზმანებისა. ისინი უნიკალური, საუცხოო, შეუდარებელი, იშვიათი, უჩვეულო ქალები იყვნენ. ყველანი ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ. ყველას ინდივიდუალური ისტორია, თავისებური ხასიათი, გამორჩეული პიროვნულობა ჰქონდა. ეგზოტიკურები და ზღაპრულები იყვნენ. ჯეინ ფორტი, პეტ კლივლენდი, გრეის ჯონსი, ჯესიკა ლენგი, დონა ჯორდანი, თინა ჩოუ და ჯერი ჰოლი ანტონიოს აღმოჩენილი ვარსკვლავები არიან, რომლებიც ილუსტრატორის იდეალს განასახიერებენ.



სამოციანი წლების ბოლოს სახელგანთქმულმა ანტონიომ, ხუანმა და „ანტონიოს გოგონებმა“ ნიუ-იორკი დატოვეს და პარიზში გადაინაცვლეს. საფრანგეთის დედაქალაქი მათთვის უფრო თავისუფალი, გახსნილი და მიმზიდველი აღმოჩნდა. ისინი კარლ ლაგერფელდის ბინაში რჩდებოდნენ და დროსაც მასთან ერთად ატარებდნენ. კარლი მაშინ Chloé-სთვის ქმნიდა კოლექციებს და როგორც არაერთი კომპეტენტური პირი ამბობს, ანტონიოს ფაქტორმა ლაგერფელდის კარიერის განვითარება უფრო დააჩქარა.


მოდა ტრანსფორმირდებოდა, ელიტური წრეებიდან ფართო მასებში ინაცვლებდა, ოტ კუტიური ready-to-wear-ს უთმობდა გზას, ამ ცვლილებებს კი წინ კარლ ლაგერფელდი და ივ სენ ლორანი მიუძღვოდნენ, რომლებიც არამარტო თავიანთი შემოქმედებით, არამედ ცხოვრების წესითაც იქცევდნენ ყურადღებას. სენ ლორანს ჰყავდა თავისი მუზები: ლულუ დე ლა ფალეზი და ბეტი კატრუ, ახლოს იყო ენდი უორჰოლთან, რომელიც თავის მხრივ ანტონიოს კონკურენტი და, ამავდროულად, კოლაბორატორი იყო. კარლმა თავის გარშემო ანტონიო და „ანტონიოს გოგონები“ შემოიკრიბა. მაგრამ ივისგან განსხვავებით კარლი თავს არიდებდა სექსუალურ აღვირახსნილობას, ალკოჰოლს, ნარკოტიკებს. ორივე მხარე გარდა იმისა, რომ შემოქმედებითაც კვებავდა პარიზს, ქალაქის ღამის ცხოვრებაში მთავარი მამოძრავებელი ძალის ფუნქციასაც ითავსებდა.

შესამჩნევი ბზარი ამ ორ ჯგუფს შორის ჟაკ დე ბაშეს გამოჩენის შემდეგ გაჩნდა, კაცის, რომელიც სინამდვილეში არაფერს წარმოადგენდა. კარლს ურთიერთობა გაუფუჭდა ანტონიოსთანაც, მიზეზი ამ შემთხვევაშიც ჟაკია.
„მას შემდეგ, რაც ადრეულ პერიოდში სკოლის მასწავლებელი შეაცდინა, მიხვდა, თავისი შარმი გაუღებდა ყველა კარს, რომელიც სხვა შემთხვევაში მისთვის დახურული იქნებოდა დაინახა შესაძლებლობა და გაიაზრა, რომ სამყაროში, რომელიც სრულყოფილებას ზეიმობს, პიროვნულობის და გარეგნობის წყალობით ყველაფერი გამოუვიდოდა.კარგი მანერებით, მოხდენილი, კარგად ჩაცმული, გონიერი ჟაკ დე ბაშე 70-იანების პარიზის ელიტაში გამოჩნდა. დადიოდა განსხვავებული კლასის ადამიანების თავშეყრის ადგილებში: ღარიბების, მდიდრების, ჰეტეროსექსუალების, გეების კლუბებში. დაუმეგობრდა ენდი უორჰოლს, რომელიც ლაგერფელდის და ივ სენ ლორანის შემოქმედებისკენ ისწრაფვოდა. სექსი ძალიან დიდ როლს თამაშობდა ჟაკის ცხოვრებაში. მოსწონდა, როგორც ქალებთან, ისე კაცებთან დაწოლა, უკან არ იხევდა. მაშინ სექსუალური განთავისუფლების ერა იყო. თავად აქტივისტი არ ყოფილა, თუმცა არ მალავდა სექსუალურ ცხოვრებას. ღიად ეფლირტავებოდა უცხოებს ქუჩებში, აწყობდა ორგიებს. 1977 წლის 24 ოქტომბერს 1500 ადამიანი იყო მიწვეული მის საღამოზე. ბევრი საყვარელი ჰყავდა. მიზანი დამორჩილება იყო. რაც უფრო მიუწვდომელი იყო, უფრო აღელვებდა. მოდის სამყარო, რომელიც ერთ დროს ერთად ცეკვავდა, ერთობოდა, ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა, ბაშეს შემდეგ ორად გაიხლიჩა.“
მარი ოტავი (ბაშეზე დაწერილი ბიოგრაფიული წიგნის ავტორი)
სამოცდაათიან წლებში ლოპესი თავისი კარიერის მწვერვალზე იყო. მისი პირადი ცხოვრება გამუდმებით სხვადასხვა პარტნიორის ძიებას გულისხმობდა, სქესს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი პიროვნება იყო. ის ჯერი ჰოლზეც იყო დანიშნული, რომელიც თავად აღმოაჩინა, როდესაც პარიზის ერთ-ერთ კლუბში ცეკვისას შენიშნა და თავისი დროის ვარსკვლავად აქცია. მრავალ გამოცემასთან, დიზაინერთან და არტისთან თანამშრომლობდა და თავისი იდეებით, შემოქმედებით ასაზრდოებდა მათ. თუმცა რამდენადაც ფერადი და კაშკაშა იყო მისთვის ეს დეკადა, იმდენად ბნელი და ტრაგიკული აღმოჩნდა ოთხმოციანი წლები.

ოთხმოციანებში შიდსით სიკვდილიანობა დაიწყო. AIDS მაშინ სასიკვდილო განაჩენი იყო და საზოგადოება ძალიან დიდ სირცხვილად მიიჩნევდა. უამრავი ნიჭიერი ადამიანი შეიწირა დაავადებამ, რომელმაც უეცრად ყველას განწყობა შეცვალა. მას ვერც ანტონიო გადაურჩა და წვეულებაც დამთავრდა.
როდესაც ლეგენდარულმა ილუსტრატორმა თავისი ავადმყოფობის შესახებ გაიგო, მზად იყო ეცადა ყველაფერი, რათა სიკვდილისთვის თავი დაეღწია. ანტონიოს შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც 2017 წელს გამოვიდა, ილუსტრატორის ერთ-ერთი მეგობარი, ფოტოგრაფი ბილ კანინგემი იხსენებს თუ როგორ სთხოვა შიდსით დაავადებულმა ლოპესმა ლაგერფელდს დახმარება:
„იმის გამო, რომ წამლებისთვის, ექიმებისთვის და ასე შემდეგ ფული სჭირდებოდა, ანტონიომ ლაგერფელდს უთხრა: „შეიძლება შენთვის სარეკლამო კამპანია გავაკეთო?“ ნახატებიან კამპანიას გულისხმობდა. ლაგერფელდმა კი უპასუხა: „ძვირფასო, შეიძლება ცუდად გახდე კამპანიაზე მუშაობის შუა პროცესში და ვერ დაასრულო.“

ბილის თქმით, ამ ფაქტის შემდეგ კარლთან აღარასდროს ულაპარაკია. ის ასევე აღნიშნავს, რომ ლაგერფელდის შემდეგ ანტონიომ ოსკარ დე ლა რენტას იმავე თხოვნით მიმართა და ასევე გააფრთხილა, რომ შეიძლებოდა ვერ დაესრულებინა. რაზეც პასუხად მიიღო, რომ გაეკეთებინა ის, რისი შესაძლებლობაც მიეცემოდა.

„მახსოვს ოსკარ დე ლა რენტას ჩვენებაზე ვიყავი, [ანტონიო] სტუმრებს შორის იჯდა და ოსკარისთვის ხატავდა. მათთან (გულისხმობს ანტონიოს და ხუანს, რომელიც 1995 წელს ასევე შიდსით გარდაიცვალა) ძალიან ცოტა დრო გავატარე. ძალიან ცოტა. მათი ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლე იყო.“
გრეის კოდინგტონი
ანტონიო ლოპესი 1987 წელს 44 წლის ასაკში ლოს ანჯელესში გარდაიცვალა.