წარსულთან კავშირის დამყარება, მსხვერპლთან საკუთარი თავის გაიგივების მცდელობა, უცნაური ფორმით გამოხატული რომანტიკული ტრადიცია, სიყვარულის ძალის რწმენა და იდენტობის საკითხი იმ თემებს შორისაა, რომლებიც ალექსანდრ მაკქუინის შემოქმედებაში წარმოდგენილი ადამიანის თმის გარშემო ტრიალებს.

ჯეკ მფატრავი თავის მსხვერპლებს აკვირდება“ –  ასე ერქვა ალექსანდრ მაკქუინის კოლექციას, რომელიც მან 1992 წელს Central Saint Martins-ის მოდის დიზაინის კურსის დამთავრებისას წარადგინა. მის შესაქმნელად მან საკუთარი თმაც გამოიყენა.

Alexander McQueen – Coat
Pink silk satin printed in thorn pattern with encapsulated human hair
From the collection of Isabella Blow courtesy of the Hon.
Photograph by Sølve Sundsbø

ჯეკ მფატრავი სერიული მკვლელი იყო, რომლის ზუსტი ვინაობა ორი საუკუნის შემდეგაც დაუდგენელია. გარდა იმისა, რომ მაკქუინის დამამთავრებელ კოლექციაში მის იდუმალებით მოცულ პერსონას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ის დიზაინერს სხვა მხრივაც უკავშირდება. ჯეკ მფატრავის ერთ-ერთი მსხვერპლი იმ საოჯახო სასტუმროში იყო დაბინავებული, რომლის მფლობელიც ალექსანდრს ნათესავად ეკუთვნის. ლუის უილსონი, რომელიც Central Saint Martins-ში მაკქუინს ასწავლიდა, აყენებს თეორიას, რომ ეს ფაქტი კოლექციას დიზაინერის დედას უკავშირებს. ამასთან, მაკქუინის დედა გენეალოგიით იყო დაინტერესებული და, ბუნებრივია, რომ დიზაინერს გასჩენოდა სურვილი მისი შემოქმედება თავისი დნმ-ის შემცველი ყოფილიყო. და რა უნდა ჩაექსოვა ამისთვის ქსოვილში თუ არა თმა? მას კი ის თავისი ინტიმური ადგილებიდანაც აქვს გამოყენებული.

იზაბელა ბლოუს მფლობელობაში გადასული მაკქუნის ეს კოლექცია უკანასკნელი არ ყოფილა, რომელიც ადამიანის თმას შეიცავდა. 1994 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია „ბანში,“ 1995 წლის გაზაფხული/ზაფხულის „ჩიტები“ და 1996 წლის შემოდგომა/ზამთრის „დანტე“ მოიცავდა თმის კონასთან ერთად წარმოდგენილ იარლიყს, მაგრამ კოლექციებში გამოყენებული თმა ყოველთვის მაკქუინს არ ეკუთვნოდა.

Alexander McQueen Fall/Winter 1996
“Dante”
Jacket made of wool and silk brocade and contains lock of hair
Courtesy of V&A Museum

ვიქტორიანული ეპოქისთვის დამახასიათებელი თემები ლის ადრეულ ჩვენებებში დიდ როლს თამაშობდა. მოდის ისტორიკოსის, ქეროლაინ ევანსის თქმით, მაკქუინი თმის გამოყენებით „სექსის, სიკვდილის და ვაჭრობის თემებს აერთიანებდა… ქმნიდა ობიექტს, რომელიც ერთდროულად იყო სუვენირი და მემენტო მორი; მას გააჩნდა იდეა, რომ საკუთარი თავი კოლექციისთვის მიეძღვნა.“  

ვიქტორიანულ ეპოქაში მცხოვრები მეძავები თავიანთ თმას ყიდდნენ, რომელსაც მისი მყიდველები სამკაულებში ათავსებდნენ და ამ ფორმით ჩუქდნიდნენ შეყვარებულებს. მეძავებისგან ნაყიდ თმას იყენებდნენ სამგლოვიარო სიტუაციებისთვის გამოსაყენებელი სამკაულებისთვისაც. როგორც მაკქუინმა 1997 წელს „თაიმ აუთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მისთვის სამოსის შექმნისას თმის გამოყენების იდეა სწორედ ამ ტრადიციას ეფუძნება:

“თმის მიღმა არსებული ინსპირაცია ვიქტორიანულ ეპოქას უკავშირდება, როდესაც მეძავები თავიანთ თმის კონებს ყიდდნენ. მათ ადამიანები იმისთვის ყიდულობდნენ, რომ შეყვარებულებისთვის მიეცათ. მე ის, როგორც ჩემი მარკა ისე გამოვიყენე, როდესაც თმის კონები პესპექსში მოვათავსე. ადრეულ კოლექციებში ჩემს თმას ვიყენებდი: საკუთარ თავს ვწირავდი კოლექციას.”