ალესანდრო მიკელე და დემნა გვასალია იმაზე მეტად ჰგვანან ერთმანეთს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ და გუჩის ახალი კოლექცია ამის ნათელი მაგალითია.

2018 წელს დემნა გვასალიამ თავისი ყველაზე დიდი ტკივილი, ბნელი მხარე პირველად გამოიტანა გარეთ, როცა კოლექცია საქართველოში სამოქალაქო ომს, სოხუმის დაცემას და თავის ბავშვობას მიუძღვნა. მძიმე პრეზენტაცია ჰქონდა ალესანდრო მიკელესაც, რომელმაც ჩვენება რომაელთა სასაფლაოზე მოაწყო და სიკვდილის სილამაზეზე გვესაუბრა. 2019 წელი დემნასთვის კვლავ რთული თემით დაიწყო, რაც ინტერნეტის მეორე და საზარელ მხარეს უკავშირდებოდა. მძიმე ფონი გაგრძელდა მიკელეს შემოქმედებაშიც, რომელმაც გუშინ გუჩის ყველაზე აგრესიული კოლექცია გვაჩვენა.  

VETEMENTS S/S 2019 / GUCCI F/W 2019

ნიღბები მოდაში ბევრჯერ და მრავალფეროვანი მნიშვნელობით გამოუყენებიათ, მაგრამ რატომღაც ალესანდროს და დემნას ნიღბები ყოველთვის იდენტობის საკითხებს ეხება. მიკელე ნიღბის მნიშვნელობაზე ფიქრობდა, რომელსაც ცხოვრებაში ვატარებთ. იმ პიროვნებაზე, რომელსაც ნიღბების მიღმა ვმალავთ, იმიჯზე, რომლითაც თავის დაცვა გვიწევს. გვასალია წლების განმავლობაში თავად ატარებდა ნიღაბს, რომელიც თავის დაცვაში და ნამდვილი იდენტობის დამალვაში ეხმარებოდა.

„მთელი ეს ნიღბები, რომლებიც იდენტობის გაქრობას წარმოადგენს, როდესაც არ იცი, ვინ არის სინამდვილეში ეს პიროვნება.” – დემნა გვასალია.

„ჩვენს ცხოვრებაში სამოსი, რომელსაც ვატარებთ ნიღაბს წარმოადგენს. ნიღაბი ერთდროულად აჩენს და ფარავს ჩვენს იდენტობას.” – ალესანდრო მიკელე. 


VETEMENTS S/S 2019 Gucci F/W 2019

ასიმეტრიული მკერვალობა და ძლიერი მხრები

BALENCIAGA F/W 2017 GUCCI F/W 2019


BALENCIAGA S/S 2019 GUCCI F/W 2019

მილენიალების სურვილებზე მორგებული მოდის ინდუსტრია გასული რამდენიმე წელი სპორტულ ფეხსაცმელზეა კონცენტრირებული. ჯორჯო არმანის სიტყვებს თუ დავუჯერებთ, ქალებს დღეს ყველაფერზე ბოტასი აცვიათ, რაც ოტ კუტიურს მნიშვნელობას უკარგავს. არმანი არ არის ერთადერთი, ვინც ფიქრობს, რომ მაღალი მოდის პოდიუმზე კედების დომინირება უნდა დასრულდეს. ტომ ფორდი, რიკარდო ტიში, მანოლო ბლანიკი და სხვა არაერთი დიზაინერი ალაპარაკდა, რომ დროა კლასიკურ ფეხსაცმელს აქტუალობა დაუბრუნდეს.

დემნა ტრენდის ერთ-ერთი პიონერია. გუჩის ახალი კოლექციიდან ცხადია, რომ არც მიკელე აპირებს კედებზე უარის თქმას. გვასალია,როგორც კომფორტის მოყვარული, ყველაზე დიდი პიარით კვლავ კედებს აანონსებს, ხოლო მიკელეს ახალ ინტერვიუში ვკითხულობთ, რომ იტალიელი ბოტასებს “Game-changers’ უწოდებს, რადგან ქალები ქუსლებისგან გაათავისუფლა.

VETEMENTS F/W 2019 GUCCI F/W 2019